|
ამა წლის 18 აპრილს "შერატონ
მეტეხი პალასის" საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა შ.პ.ს "ქართული
პროგრამული სისტემების " მიერ ორგანიზებული სემინარი, რომელსაც
დაესწრნენ "ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის" თანამშრომლები:
ვალერი ხანიშვილი - იურიდიულ საკითხთა და
საჩივრების განხილვის სამმართველოს უფროსი.
დავით არჩვაძე - იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის სამმართველოს უფროსის
მოადგილე.
ირაკლი მესოედი - პროგრამისტი.
სემინარს დაესწრო 150-მდე სხვადასხვა დიდი თუ მცირე ორგანიზაციის წარმომადგენელი.
სემინარი შეეხო საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილ სიახლეებს, კერძოდ საქონლის
აღრიცხვისა და მოძრაობის ჟურნალის საჭიროებას, მისი წარმოების ინსტრუქციას და
ელექტრონულ ვერსიას.
სემინარი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. თავდაპირველად, ფინანსთა სამინისტროს
საგადასახადო დეპარტამენტის თანამშრომლებმა გააცნეს დამსწრეთ ჟურნალის შემოღების
აუცილებლობა და წარმოების წესი. განიხილეს მისი ინსტრუქცია. საუბარი გაგრძელდა
კითხვა-პასუხის სახით. გაიმართა ცხარე კამათი. დაისვა უამრავი შეკითხვა
ორგანიზაციების კონკრეტული საქმიანობის სფეროებიდან გამომდინარე. გამოიკვეთა
ჟურნალის დადებითი და უარყოფითი მხარეები.
საკმაოდ აქტუალური იყო საკითხი ჟურნალის ელექტრონულ ვერსიასთან დაკავშირებით:
ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თანამშრომლებმა წარმოადგინეს მათ
მიერ შემუშავებული ელექტრონული ვერსია და ახსნეს მისი მუშაობის პრინციპები, მათ
აჩვენეს, რომ ელექტრონულ ვერსიაში მონაცემების შეტანა შეიძლება განხორციელდეს
თითოეული სასაქონლო ოპერაციის ხელით შეტანით ან სხვა პროგრამიდან იმპორტის
მეშვეობით.. ასევე აღნიშნეს, რომ წარმოდგენილი ელექტრონული ვერსია არ არის ბოლო და
სრულყოფილი ვარიანტი. იგი დახვეწის პროცესშია. საგადასახდო დეპარტამენტის
თანამშრომლებმა მოისმინეს ორგანიზაციების წარმომადგენელთა წინადადებები და
მოსაზრებები, რაც გათვალისწინებული იქნება ელ. ვერსიის საბოლოო ვარიანტის
შექმნისას.
გაიმართა მსჯელობა, თუ როგორ მოხდეს ჟურნალის ელ. ვერსიაში შეტანილი ინფორმაციის
კონტროლი საგადასახადო ორგანოების მხრიდან და ინფორმაციის სიზუსტის დაცვა.
დადგინდა, რომ ამ ეტაპზე ელ. ვერსიასთან ერთად, გარკვეული ფორმით (რომელსაც
ფინანსთა სამინისტრო შეიმუშავებს) ფურცლებზე ამობეჭდილ ინფორმაციას ექნება
იურიდიული ძალა.
შ.პ.ს "ქართული პროგრამული სისტემების " წარმომადგენლებმა
დარბაზში მყოფთ გააცნეს პროგრამის "SuperFin" და საგადასახადო დეპარტამენტის მიერ
შემუშავებულ ელ. ვერსიის ავტომატური კავშირის შესაძლებლობები. განხილულ იქნა
პროგრამაში "SuperFin" დამატებული ახალი ფანჯარა "საქონლის აღრიცხვისა და
მოძრაობის ჟურნალი", რომელიც ავტომატურად შეივსება პირველადი ინფორმაციის
შეტანასთან ერთად და აქედან ძალიან მარტივად განხორციელდება მონაცემების ექსპორტი
ჟურნალის საგადასახადო ვერსიაში.
სემინარის მეორე ნაწილი შეეხო პროგრამის "SuperFin" განახლების პაკეტს 2.025,
რომელშიც საქონლის აღრიცხვისა და მოძრაობის ჟურნალის გარდა, სხვა ბევრი სიახლე
იქნება დამატებული.
მომხმარებლების მხრიდან დასმულ შეკითხვებს გაეცა პასუხები, ასევე რიგი საინტერესო
საკითხები, ჩანიშნულ იქნა შ.პ.ს "ქართული პროგრამული სისტემების"
თანამშრომლების მიერ, რაც გათვალისწინებული იქნება პროგრამის მომავალ
განახლებებში.
|
|